top of page

ეთიკის კოდექსი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ეთიკისა და პროფესიული პრაქტიკის კოდექსის განახლებულ გამოცემას, რომელიც განკუთვნილია საქართველოს ეროვნული გეშტალტ თერაპევტთა ასოციაცია-ს (სეგა) ყველა ინდივიდუალური და ინსტიტუციური წარმომადგენლისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოდექსში განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვაზე.

კოდექსის მიზანია, ერთის მხრივ, განსაზღვროს პროფესიის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, დაადგინოს პროფესიული მიდგომისა და ქცევის სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრავს პრაქტიკის საზღვრებსა და სამუშაო პროცესში ანგარიშვალდებულებას.
მეორეს მხრივ, კოდექსი ემსახურება მომსახურებით დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებასა და დაცვას.

სეგას ყველა წევრი თანხმდება, რომ ეთიკისა და პროფესიული პრაქტიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში გაიაროს შესაბამისი საჩივრის პროცედურა, რომლის მიზანია დარღვევის შეფასება და შესაბამისი  რეაგირება.

 

ფუნდამენტური პრინციპები

  1. თანასწორობა და პატივისცემა
    1.1. გეშტალტ თერაპევტიაღიარებს, რომ ყველა ადამიანი თანაბრად ღირებულია და იმსახურებს პატივისცემას, მისი რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, სექსუალური იდენტობის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის, ენის, ეკონომიკური ან სოციალური სტატუსისა და მსოფლმხედველობის მიუხედავად.
    1.2. გეშტალტ თერაპევტიუზრუნველყოფს თანასწორ და პატივისცემაზე დაფუძნებულ დამოკიდებულებას პროფესიულ ურთიერთობაში.

  2. ღირსება და უნიკალურობა
    2.1. გეშტალტ თერაპევტიაღიარებს თითოეულ ადამიანს, როგორც უნიკალურ ინდივიდს, რომელსაც გააჩნია თანდაყოლილი ღირსება.
    2.2. გეშტალტ თერაპევტიპატივს სცემს კლიენტის ავტონომიასა და თვითგამორკვევის უფლებას და ხელს უწყობს მისი უნიკალური გამოცდილების გამოხატვას თერაპიულ პროცესში.

კომპეტენცია

  1. გეშტალტთერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი მუშაობს მხოლოდ საკუთარი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში.

  2. 2. იმ შემთხვევაში, თუ თერაპიულ პროცესში გამოვლინდება სირთულეები (მაგ., არასაკმარისი კომპეტენცია ან გამოცდილების ნაკლებობა), გეშტალტთერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი უზრუნველყოფს, რომ:
    2.1. მიმართოს სუპერვიზიას (ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურს) და/ან ინტერვიზიას;
    2.2. მიღებული მხარდაჭერის საფუძველზე მიიღოს პროფესიული გადაწყვეტილება;
    2.3. კლიენტი საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართოს შესაბამის პროფესიონალთან.

  3. აღნიშნული პროცესის პირველ ეტაპს წარმოადგენს კლიენტთან შეთანხმების პირობების გადახედვა და ახალი შეთანხმების ჩამოყალიბება, რათა განისაზღვროს თერაპიული პროცესის შემდგომი ფორმატი.

  4. კლიენტთან მუშაობის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ კომპეტენციის შესაბამისი გაუმჯობესების შემდეგ.

  5. იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ თერაპევტიაცნობიერებს, რომ მოცემული ველი, მისი სტრუქტურა, საზღვრები ან მიზნები ზღუდავს ან არღვევს თერაპიული პროცესის ეფექტურობას, ან აღემატება მის პროფესიულ და პიროვნულ რესურსს, იგი თავს იკავებს აღნიშნულ კონტექსტში მუშაობის გაგრძელებისგან.

  6. გეშტალტ თერაპევტითანამშრომლობს სხვა პროფესიონალებთან და ინსტიტუციებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში კლიენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი დიაგნოსტიკური და/ან თერაპიული დახმარება.

  7. გეშტალტთერაპევტის მიერ გამოყენებული მეთოდები და მიდგომები შეესაბამება კლიენტის საჭიროებებს მიმდინარე პროცესში და მიმართულია კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე.

  8. გეშტალტ თერაპევტიაცნობიერებს საკუთარ ქცევას, კომუნიკაციას და პასუხისმგებლობას იღებს მათ გავლენაზე ურთიერთობაში, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო და პატივისცემაზე დაფუძნებულ პროცესს.

  9. გეშტალტ თერაპევტიაცნობიერებს, რომ ემოციურად ინტენსიური, განსაკუთრებით ექსპრესიული პროცესები საჭიროებს დე-დრამატიზაციასა და ინტეგრაციას
    იგი უზრუნველყოფს პროცესის რეგულაციას, კლიენტის მხარდაჭერას გამოცდილების ეტაპობრივ დამუშავებაში და მის დაბრუნებას რეალობასთან კონტაქტში.

  10. თუ გეშტალტ თერაპევტითერაპიულ პროცესში ამჩნევს საკუთარ ემოციურ დისბალანსს ან პიროვნულ სირთულეებს (მაგ., პიროვნული კრიზისი, გადაღლა ან კლიენტთან ინტიმურობის საზღვრების დაცვის სირთულე), იგი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ მდგომარეობაზე და მიმართავს ინდივიდუალურ თერაპიას.

  11. გეშტალტთერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი ცდილობს კოლეგებთან ან კოლეგებს შორის წარმოშობილი უთანხმოების, კონფლიქტისა და დაპირისპირების კონსტრუქციულ და ეთიკურ მოგვარებას.
    იგი ამით ხელს უწყობს პროფესიულ სივრცეში ნდობისა და თანამშრომლობის განვითარებას.

  12. გეშტალტთერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი იცავს საკუთარ პროფესიას და პროფესიულ სივრცეს არაკვალიფიციური პრაქტიკისა და ისეთი აქტივობებისგან (მაგ., ლექცია, ინტერვიუ, მედია, სემინარები), რომლებიც არ შეესაბამება პროფესიულ სტანდარტებს.

  13. გეშტალტთერაპევტის/ტრენერის/სუპერვიზორის  პროფესიული განვითარება მოიაზრებს მუდმივ ზრუნვას საკუთარი პროფესიული კომპეტენციისა და პიროვნული უნარების გაღრმავებასა და განვითარებაზე.

კლიენტისა და თერაპევტის ურთიერთობა

  1. თერაპიული ურთიერთობა არის პროფესიული და ეთიკური პარტნიორობა, რომელიც დიალოგურ კონტაქტში ვითარდება და კლიენტის გამოცდილებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას ემსახურება.

  2. გეშტალტ თერაპევტი აცნობიერებს თერაპიული ურთიერთობის მნიშვნელობას და ურთიერთობაში ინარჩუნებს თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპს. იგი აღიქვამს კლიენტს, როგორც თანასწორ სუბიექტს, პატივს სცემს მის გამოცდილებას და თავს იკავებს მისი შეფასების, დაკნინების ან გაუფასურებისგან. თერაპევტი არ იყენებს საკუთარ პოზიციას კლიენტზე ზემოქმედების ან მისი ინტერესების საზიანოდ.

  3. გეშტალტ თერაპევტი არ იყენებს თერაპიულ ურთიერთობას საკუთარი პირადი, პროფესიული ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არ იყენებს კლიენტს, მის პროფესიას, სოციალურ სტატუსს ან რესურსებს საკუთარი სარგებლისთვის.

  4. გეშტალტ თერაპევტი აცნობიერებს, როდესაც სხვა ურთიერთობები, ვალდებულებები ან პირადი პროცესები მოდის კონფლიქტში კლიენტის ინტერესებთან ან თერაპიულ ურთიერთობასთან. ასევე იგი სიფხიზლით ეკიდება იმ მომენტებს, როდესაც თავად აღმოჩნდება წინააღმდეგობაში ან დაძაბულობაში კლიენტთან. ასეთ შემთხვევაში თერაპევტი შემოაქვს ეს გამოცდილება თერაპიული ურთიერთობის ველში, რათა მოხდეს მისი გაცნობიერება და იღებს შესაბამის პროფესიულ გადაწყვეტილებებს კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით.

  5. თერაპიულ პროცესში ფიზიკური კონტაქტი გამოიყენება მხოლოდ კლიენტის მკაფიო თანხმობის საფუძველზე და იმგვარად, რომ შენარჩუნდეს კლიენტის საზღვრები და თერაპიული ურთიერთობის უსაფრთხოება.

  6. თერაპიული ურთიერთობა, არ არის თავსებადი იმ ურთიერთობებთან, სადაც უკვე არსებობს პირადი, პროფესიული ან სოციალური კავშირი (მაგ. თანამშრომელი, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი, პარტნიორი). გეშტალტ თერაპევტიაცნობიერებს როლთა გადაკვეთის რისკს და უზრუნველყოფს პროფესიული საზღვრების დაცვას.

 

კონფიდენციალობა

  1. თერაპევტსა და კლიენტს შორის ყველა კომუნიკაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი გამჟღავნება აუცილებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ან არსებობს საკუთარი თავის ან სხვებისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკი.

  2. თერაპიულ პროცესთან დაკავშირებული ჩანაწერებისა და კლიენტის პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება შესაბამისი რეგულაციების დაცვით, მესამე პირებისთვის ხელმიუწვდომლად და კლიენტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე (ან/და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით).

  3. კლიენტის შესახებ ინფორმაციის კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდება ან მასთან შეთანხმება ხდება კლიენტის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.

  4. გეშტალტ თერაპევტი ზრუნავს, რომ სუპერვიზიისა და ინტერვიზიის პროცესში კლიენტის პერსონალური ინფორმაცია არ გახდეს იდენტიფიცირებადი;საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია წარმოდგენილია შენიღბული ფორმით (მაგ., სახელის, გვარისა და სხვა იდენტიფიცირებადი მონაცემების შეცვლით), ისე, რომ არ შეიცვალოს ქეისის შინაარსი.

  5. ინტერვიზიისა და ჯგუფური სუპერვიზიის პროცესში, თუ დამსწრე თერაპევტი ამოიცნობს გაზიარებულ ქეისში კლიენტს ან აღმოაჩენს მასთან პირად ან პროფესიულ კავშირს, იგი იღებს პასუხისმგებლობას თავი შეიკავოს პროცესში შემდგომი მონაწილეობისგან და დატოვოს განხილვა, კონფიდენციალურობისა და ეთიკის კოდექსის ნორმების დაცვის მიზნით.

  6. თუ გამზიარებელმა თერაპევტმა წინასწარ იცის, რომ ჯგუფში იმყოფება თერაპევტი, რომელიც შეიძლება იყოს კავშირში გაზიარებულ ქეისთან ან კლიენტი მისთვის იდენტიფიცირებადია, იგი ქეისის განხილვის დაწყებამდე სთხოვს, თავი შეიკავოს პროცესში მონაწილეობისგან და დატოვოს განხილვა.

  7. გეშტალტ თერაპევტი, რომელიც სამუშაო გარემოში, კოლეგებისგან პროფესიული მხარდაჭერის მიზნით მიმართავს ინტერვიზიას, ზრუნავს დროისა და სივრცის ისეთ არჩევაზე, რომელიც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობისა და ანონიმურობის დაცვას; არ განიხილავს კლიენტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ღია ან/და, დაუცველ გარემოში და თავს არიდებს ისეთ სიტუაციებს, სადაც კლიენტი შეიძლება გახდეს იდენტიფიცირებადი, მათ შორის — ფიზიკურად აღქმადი. 

  8. თუ გეშტალტ თერაპევტი თერაპიული მუშაობის პროცესში მიღებული ინფორმაციის გამოყენებას გეგმავს საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან პროფესიული მიზნებით, აუცილებელია კლიენტისგან წინასწარი ნებართვის მიღება; თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მკაცრი ანონიმურობის დაცვა და შენიღბვის ტექნიკების გამოყენება, რათა არ მოხდეს კლიენტის იდენტიფიცირება.

  9. გეშტალტ თერაპევტი ინარჩუნებს კონფიდენციალურობას როგორც კლიენტთან, ისე თერაპიული პროცესის ფარგლებში მიღებულ მესამე პირებთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან მიმართებით.

  10. გეშტალტ თერაპევტი საჯარო ან ნახევრად საჯარო სივრცეში თავს იკავებს ისეთი ქცევისგან, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ პირი მისი კლიენტია; მათ შორის, არ აიდენტიფიცირებს კლიენტს და არ მოქმედებს ისე, რომ გახდეს აშკარა მათი თერაპიული ურთიერთობა.

  11. თერაპიული პროცესის დაგეგმვისას გეშტალტ თერაპევტი ზრუნავს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს კლიენტების ერთმანეთთან შეხვედრისა და იდენტიფიცირების რისკი.

  12. ვიდეოს, ფოტოს ან ხმის ჩაწერა და შენახვა დასაშვებია მხოლოდ კლიენტის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

  13. თუ გეშტალტ თერაპევტი კლიენტის შესახებ წერილობითი ან სხვა სახის ინფორმაციის მოპოვებას გეგმავს სხვა პროფესიონალებისგან ან ინსტიტუციებისგან, იგი მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოფს კლიენტის უფლებების დაცვას, მათ შორის — წინასწარი თანხმობის მიღებას.

  14. გეშტალტ თერაპევტი ითვალისწინებს კლიენტის უფლებას, გაეცნოს მის შესახებ თერაპევტის მიერ წარმოებულ ჩანაწერებს; თერაპევტი უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას პროფესიული პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით.

  15. როდესაც სახელმწიფო ან კერძო დაწესებულება (მაგ., სასამართლო, სადაზღვევო კომპანია და სხვ.) მოითხოვს კლიენტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გეშტალტ თერაპევტი მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საკითხს განიხილავს კლიენტთან და, კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის გადაცემის ფორმასა და მოცულობაზე, ეთიკის კოდექსის ნორმების შესაბამისად.

 

*კონფიდენციალობის დაცვა ევალება გეშტალტ თერაპევტს, ტრენერს, სუპერვიზორს, ცენტრებსა და ინსტიტუტებში მომუშავე პირებს, რომლებსაც წვდომა აქვთ კლიენტების ვინაობასა და მათ შემთხვევებზე. 

კონტრაქტი კლიენტთან

  1. გეშტალტ თერაპევტსა და კლიენტს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება — როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი — ქმნის ურთიერთპასუხისმგებლობას.

  2. მომავალ კლიენტთან შეთანხმების პროცესში გეშტალტ თერაპევტი არის ღია და გამჭვირვალე საკუთარი კომპეტენციის, ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.

  3. თერაპიის საფასური, გადახდის განრიგი, ადგილმდებარეობა და შესვენებები შეთანხმდება გეშტალტ თერაპევტსა და კლიენტს შორის ორმხრივად.

  4. შესვენების მიზეზები შეიძლება მოიცავდეს შვებულებას, პროფესიულ ვალდებულებებს, ავადმყოფობას და სხვა გარემოებებს.

  5. თერაპიული სესიის ხანგრძლივობა, თერაპიული სესიის გადადება ან გაცდენა წინასწარ განიხილება გეშტალტ თერაპევტსა და კლიენტს შორის და ეფუძნება ორმხრივ შეთანხმებას; 

  6. თერაპევტი, შეძლებისდაგვარად, წინასწარ ატყობინებს კლიენტს სესიის გადადების ან გაცდენის შესახებ.

  7. პროფესიული კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, გეშტალტ თერაპევტი კლიენტის თანხმობის გარეშე თავს იკავებს კლიენტთან დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაციისგან (მათ შორის — გადმომამისამართებელი პირი, ოჯახის წევრები და სხვა).

  8. ზემოთ აღნიშნული გარემოებების ცვლილების შემთხვევაში გეშტალტ თერაპევტსა და კლიენტს შორის შეთანხმება ხელახლა განიხილება.

თერაპიული სივრცის ორგანიზება

  1. გეშტალტ თერაპევტი/სუპერვიზორი/ტრენერი უზრუნველყოფს, რომ თერაპიული პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხო და დაცულ გარემოში, სადაც გამორიცხულია მესამე პირების მოულოდნელი შემოსვლა ან ჩარევა; სესიის სივრცე ორგანიზებულია ისე, რომ საუბრის შინაარსი და ხმა არ იყოს აღქმადი სივრცის გარეთ.

  2. თერაპიული პროცესის სივრცე არ უნდა იყოს ვიზუალურად გამჭვირვალე გარე პირებისთვის.

  3. გეშტალტ თერაპევტი უზრუნველყოფს, რომ თერაპიული სივრცე იყოს უსაფრთხო, სტაბილური და ხელს უწყობდეს კლიენტის დაცულობის განცდას.

  4. გეშტალტ თერაპევტი ზრუნავს, რომ თერაპიული სივრცე იყოს გამიჯნული სხვა ყოველდღიური სივრცეებისგან და ქმნიდეს გარემოს, რომელიც კლიენტისთვის აღქმადი იქნება როგორც თერაპიული, უსაფრთხო და კონფიდენციალური. 

    თერაპევტის პროფესიული როლი საზოგადოებაში და რეკლამირება
     

  5. რეკლამირება უნდა შეიცავდეს აღწერით ინფორმაციას ხელმისაწვდომი მომსახურებებისა და იმ პირების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც ამ მომსახურებებს უზრუნველყოფენ.

  6. გეშტალტ თერაპევტი თავისი მომსახურების რეკლამირებისას იცავს ეროვნულ კანონმდებლობასა და პროფესიულ რეგულაციებს; ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია შესაბამისი ფორმებით, მათ შორის —აბრის, ონლაინ პლატფორმებისა და სოციალური მედიის საშუალებით.

  7. რეკლამირება მოიცავს ინფორმაციას ისე, რომ არ გამოიყენება შედარებები ან სხვა ფორმით გამოხატვა იმისა, რომ შეთავაზებული მომსახურება უფრო ეფექტურია სხვა კოლეგების, სკოლების ან თერაპიული ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან შედარებით.

  8. რეკლამირება უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ კანონმდებლობასა და შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციების მიერ დადგენილ რეგულაციებს.

  9. რეკლამირება წარმოდგენილია ისე, რომ არ ქმნის თერაპიული პროცესის შედეგის წინასწარი გარანტირების შთაბეჭდილებას.

  10. კლიენტის გამოცდილების ან უკუკავშირის გამოყენება რეკლამირების მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე და ანონიმურობის სრული დაცვით.

  11. რეკლამირება ასახავს თერაპევტის პროფესიულ როლს და განასხვავებს მას სხვა როლებისგან (მაგ., ქოუჩინგი, კონსულტაცია და ა.შ.), ისე, რომ მომხმარებლისთვის არ იყოს დამაბნეველი.

  12. რეკლამირება მკაფიოდ ასახავს თერაპევტის/სუპერვიზორის კვალიფიკაციას, სტატუსს (მაგ., პრაქტიკანტი/სერტიფიცირებული) და პროფესიულ კუთვნილებას.

  13. რეკლამირებაში წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება მეცნიერულად დასაბუთებულ მონაცემებს; იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მოსაზრებები არ არის მეცნიერულად დადასტურებული, ნათლად უნდა იყოს მითითებული, რომ ისინი წარმოადგენს თერაპევტის პირად პროფესიულ აზრს.

  14. ეშტალტ თერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი  ხელს უწყობს პროფესიული კვლევების განვითარებას და კვლევით საქმიანობაში მოქმედებს ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად: 
    ● მზად არის ხელი შეუწყოს იმ კვლევებს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თერაპიული და დიაგნოსტიკური სფეროების განვითარებაში;

    ● უზრუნველყოფს, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევითი სამუშაოები ხელმისაწვდომი იყოს ფსიქოთერაპიული საზოგადოებისათვის;
    ● კვლევითი საქმიანობის პროცესში პატივს სცემს კოლეგების ნაშრომებს და იცავს პროფესიულ საავტორო უფლებებს.

  15. გეშტალტ თერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი ინარჩუნებს პატივისცემას კოლეგების მიმართ,  დროგორც საკუთარი მოდალობის ფარგლებში, ისე სხვა თეორიული მოდალობის და მიდგომების წარმომადგენლებთან მიმართებით; პროფესიულ ურთიერთობაში გამოხატავს მოსაზრებებს კორექტულად და ეთიკურად.

  16. გეშტალტ თერაპევტი სიფრთხილით ეკიდება ისეთ ურთიერთობასა და პროექტში ჩართვას, რომელშიც უკვე მონაწილეობს სხვა კოლეგა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლიენტსა და სხვა თერაპევტს შორის მოქმედებს თერაპიული შეთანხმება. ასეთ შემთხვევებში გეშტალტ თერაპევტი, საჭიროებისამებრ, მიმართავს სუპერვიზიას, ინტერვიზიას ან იღებს პროფესიულ რეკომენდაციებს მოსალოდნელი ნაბიჯების განსაზღვრისთვის.

  17. გეშტალტ თერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ქცევებს როგორც პროფესიულ, ისე პირად სივრცეში და აფასებს მათ შესაძლო გავლენას საკუთარ პროფესიულ როლზე, ეთიკურ სტანდარტებსა და პროფესიის საზოგადოებრივ აღქმაზე. ის ზრუნავს, რომ მისი ქცევები არ ქმნიდეს წინააღმდეგობას მის პროფესიულ პოზიციებთან და არ აყენებდეს ზიანს თერაპიულ პროცესს, ამასთან ითვალისწინებს ქცევის კონტექსტს, ინტენსივობასა და გავლენას.

  18. გეშტალტ თერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი  აცნობიერებს თერაპიული მუშაობის სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტს და მის შესაძლო გავლენას როგორც კლიენტზე, ისე თერაპიულ პროცესზე; ასევე ითვალისწინებს იმ სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს კლიენტის გამოცდილებასა და ურთიერთობებზე.

  19. გეშტალტ თერაპევტი/ტრენერი/სუპერვიზორი ზრუნავს ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ინდივიდები და ჯგუფები არ განიცდიან გამოყოფას ან გამიჯვნას მათი ქცევის, პოლიტიკური შეხედულებების, ქვეყნის ან წარმომავლობის საფუძველზე.

 

ფსიქოთერაპიული ტრენინგი და განათლება

  1. ფსიქოთერაპიული განათლების მიზანია სტუდენტებისთვის ობიექტური და გასაგები ფორმით ფსიქოთერაპიისა და გეშტალტ თერაპიის თეორიული, მეთოდოლოგიური და ტექნიკური ცოდნის მიწოდება.

  2. ტრენერები აცნობიერებენ და ცხადად აღნიშნავენ, რომ მათი პირადი შეხედულებები წარმოადგენს მათ ინდივიდუალურ პროფესიულ პოზიციას.

  3. სასწავლო პროცესში არ უნდა შეიქმნას მცდარი მოლოდინები სტუდენტების პროფესიულ სტატუსთან, „ფსიქოთერაპევტის“ სახელწოდების გამოყენების უფლებასთან ან ფსიქოთერაპიული მომსახურების დაფინანსებასთან დაკავშირებით; მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და შეესაბამებოდეს ეროვნულ კანონმდებლობასა და ოფიციალურ რეგულაციებს.

  4. გეშტალტ ტრენინგ ინსტიტუტი აფასებს, რამდენად შეესაბამება კანდიდატი ტრენინგს (მისი გამოცდილება, მოლოდინები და ზოგადი მზადყოფნა) და წინასწარ აწვდის მას სრულ და გასაგებ ინფორმაციას პროგრამის შინაარსისა და სასწავლო პროცესის პირობების შესახებ.

  5. გეშტალტ ინსტიტუტი უზრუნველყოფს ტრენერებისა და სუპერვიზორების კომპეტენციისა და კურიკულუმთან შესაბამისობის მაღალ სტანდარტს; ასევე ზრუნავს სწავლების ხარისხის რეგულარულ შეფასებასა და განვითარებაზე, ქმნის სივრცეს სასწავლო მეთოდოლოგიის გადახედვისადა განახლებისთვის.

  6. ურთიერთობა სტუდენტებსა და ტრენერებს შორის, ასევე ინსტიტუტებს შორის, ეფუძნება გამჭვირვალობასა და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მოიცავს: 
    ● როლური საზღვრების გაცნობიერებასა და დაცვას, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო და პროფესიულ სასწავლო გარემოს;
    ● ურთიერთპატივისცემასა და ეთიკურ კომუნიკაციას როგორც სასწავლო, ისე პროფესიულ სივრცეში;
    ● ტრენერის მიერ გაზიარებული მასალისა და გამოცდილების მიმართ პატივისცემას, მათ შორის — სასწავლო მასალის, სავარჯიშოებისა და მეთოდების გამოყენებას ისე, რომ არ მოხდეს მათი გადაღება ან წარმოდგენა, როგორც საკუთარი ნამუშევარი, ავტორის აღნიშვნის გარეშე;
    ● საავტორო უფლებების დაცვას და ტრენერის მიერ შექმნილი ან გაზიარებული მასალის გამოყენებას მისი კონტექსტისა და პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით.

  7. ინსტიტუტი პერიოდულად აფასებს, მიაღწია თუ არა სტუდენტმა ტრენინგით განსაზღვრულ საჭირო დონეს და ამ მიზნით უზრუნველყოფს შესაბამის, გამჭვირვალე შეფასების პროცესებს.

  8. სტუდენტი აცნობიერებს, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გაგრძელდეს სადიპლომო ეტაპამდე, თუმცა ეს ეტაპი თავისთავად არ განსაზღვრავს დიპლომის მიღებას, რომელიც საბოლოო შეფასების შედეგზეადამოკიდებული.

  9. გეშტალტ თერაპიის სწავლების პროცესში ტრენერი ზრუნავს როლური სიცხადის შენარჩუნებაზე და მონაწილეობს შეფასების პროცესებში, რათა სტუდენტისთვის იყოს ნათელი მისი პროგრესი და განვითარების დონე.

  10. გეშტალტ ტრენერი საჯარო სივრცეში ინარჩუნებს პატივისცემას კოლეგების მუშაობის მიმართ და პროფესიულ კომუნიკაციაში გამოხატავს მოსაზრებებს კორექტული და არადამაკნინებელი ფორმით, მათ შორის მათი გამოცდილების, სამუშაოს, თეორიული მოდელებისა და სკოლების შესახებ.

  11. ტრენერი, რომელიც აცნობიერებს კოლეგის ისეთ ქცევას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სტუდენტებს, სხვა კოლეგებს ან პროფესიულ სივრცეს, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს შესაბამის კოლეგას და/ან პროფესიულ ასოციაციას.

განსაკუთრებული ვითარებები

  1. თუ თერაპიის პროცესში გეშტალტ თერაპევტი შეამჩნევს, რომ კლიენტის მდგომარეობა ან ქცევა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს თავად კლიენტს ან/და მის სოციალურ გარემოცვას, თერაპევტი იღებს შესაბამის და პროპორციულ ზომებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კლიენტის ღირსების, კონფიდენციალურობისა და თვითგამორკვევის უფლების მაქსიმალური დაცვით.

  2. გეშტალტ თერაპევტიკლიენტის შესახებ ინფორმაციას მესამე პირთან მხოლოდ კლიენტის თანხმობით აზიარებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი კლიენტის, თერაპევტის ან/და სხვა პირების უსაფრთხოების მიმართ რეალური საფრთხის არსებობაზე. კრიზისულ ვითარებაში თერაპევტი მოქმედებს გადაუდებლად და უსაფრთხოების დაცვის მიზნით; ხოლო სადაც ეს შესაძლებელია, გადაწყვეტილებას იღებს სუპერვიზიის ან შესაბამისი პროფესიული კონსულტაციის საფუძველზე.

  3. განსაკუთრებულ ან კრიზისულ ვითარებაში, როდესაც საჭიროა მესამე პირის ინფორმირება, გეშტალტთერაპევტი, შესაძლებლობის შემთხვევაში, კლიენტთან ერთად განსაზღვრავს იმ პირს, ვის ჩართვასაც კლიენტი მიიჩნევს მისაღებად. ასეთ დროს კონფიდენციალურობის ფარგლები დროებით და მხოლოდ აუცილებელი მოცულობით იცვლება, კლიენტის უსაფრთხოების, სტაბილიზაციისა და პასუხისმგებლობის აღდგენის მხარდასაჭერად.

  4. ინდივიდუალური ან/და კოლექტიური გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში — მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის, სოციალური არეულობის, ომის, ბუნებრივი კატასტროფის ან სხვა საგანგებო ვითარების დროს — გეშტალტ თერაპევტიუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროებისამებრ დროებით აჩერებს თერაპიულ პროცესს და მოქმედებს კლიენტის ავტონომიის, ღირსებისა და პროფესიული კონფიდენციალობის მაქსიმალური დაცვით, რამდენადაც ამას არსებული გარემოებები იძლევა.

  5. როდესაც ფსიქოთერაპიული პროცესი მიმდინარეობს უფრო ფართო პროფესიულ, ინსტიტუციურ ან გუნდურ კონტექსტში — მაგალითად, საავადმყოფოში, ორგანიზაციაში, კვლევით პროექტში, არასრულწლოვნებთან მუშაობისას ან სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობისას — გეშტალტ თერაპევტიიცავს კლიენტის ავტონომიას, ღირსებასა და პროფესიულ კონფიდენციალობას. თერაპიული კონტრაქტის საწყის ეტაპზე იგი კლიენტთან და, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩართულ შესაბამის პირებთან ერთად განსაზღვრავს ინფორმაციის გაზიარების მიზანს, ფარგლებს, ფორმას და კონფიდენციალურობის საზღვრებს.

  6. ფსიქოთერაპევტს ეკრძალება სექსუალური ან რომანტიკული ურთიერთობა იმ პირთან, ვისთანაც იმყოფება პროფესიულ ურთიერთობაში. ეს მოიცავს თერაპიულ ურთიერთობას, ტრენინგს, სუპერვიზიას, კვლევით ურთიერთობას ან ისეთ პროფესიულ კონტექსტს, სადაც ურთიერთობაში არსებობს ძალაუფლების, გავლენის, დამოკიდებულების ან პროფესიული ავტორიტეტის ასიმეტრია.

  7. სეგას წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმე დაკავშირებულია მის პროფესიულ საქმიანობასთან ან შესაძლოა გავლენას ახდენდეს ასოციაციისა და პროფესიის რეპუტაციაზე, წევრი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს აღმასრულებელ კომიტეტს.

  8. ასეთ შემთხვევაში ეთიკის კომიტეტი აფასებს საქმის იმ ასპექტებს, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. საჭიროების შემთხვევაში, ეთიკის კომიტეტი მოქმედებს ასოციაციის დადგენილი ეთიკური პროცედურების შესაბამისად და უფლებამოსილია მიმართოს საჩივრების კომიტეტს საკითხის შემდგომი განხილვისთვის.

ურთიერთობა ყოფილ კლიენტებთან

  1.  თერაპიული პროცესის დასრულების შემდეგ გეშტალტთერაპევტი ინარჩუნებს პროფესიულ პასუხისმგებლობას ყოფილი კლიენტის მიმართ: იცავს კონფიდენციალობას, პატივს სცემს მის ღირსებას, ავტონომიასა და პირად საზღვრებს და ითვალისწინებს, რომ თერაპიული ურთიერთობის გამოცდილება შესაძლოა დასრულების შემდეგაც ინარჩუნებდეს გავლენას. გეშტალტთერაპევტი თავს იკავებს ისეთი სოციალური, პირადი, საქმიანი ან სხვა ტიპის ურთიერთობისგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ყოფილი კლიენტის ზიანი, ექსპლუატაცია, დამოკიდებულების განახლება ან თერაპიული ურთიერთობის საზღვრების დარღვევა.

  2. გეშტალტთერაპევტი არ იყენებს ყოფილ თერაპიულ ურთიერთობას პირადი, ემოციური, სოციალური, ფინანსური, პროფესიული ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. თერაპიული პროცესის დასრულება არ აუქმებს იმ ძალაუფლებრივ, ნდობაზე დაფუძნებულ და გავლენის დინამიკას, რომელიც შეიძლება ყოფილ კლიენტთან ურთიერთობის ველში დარჩეს.

  3. ყოფილ კლიენტთან ნებისმიერი სოციალური, პროფესიული ან პირადი კონტაქტის შემთხვევაში გეშტალტთერაპევტი პასუხისმგებელია შეაფასოს, ხომ არ არსებობს დამოკიდებულების, გავლენის, დაუცველობის, მოლოდინის ან საზღვრების ბუნდოვანების რისკი. საჭიროების შემთხვევაში იგი თავს იკავებს ასეთი კონტაქტისგან ან მიმართავს სუპერვიზიას/ინტერვიზიას ეთიკურად შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

  4.  გეშტალტთერაპევტი არ ამყარებს სექსუალურ ან რომანტიკულ ურთიერთობას ყოფილ კლიენტთან თერაპიული პროცესის დასრულებიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც ასეთი ურთიერთობა შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს თერაპიული ურთიერთობიდან დარჩენილი დამოკიდებულება, პროფესიული გავლენა, ნდობაზე დაფუძნებული ასიმეტრია ან ყოფილი კლიენტისთვის ზიანის მიყენების რისკი.

  5.  ყოფილ კლიენტთან სექსუალური ან რომანტიკული ურთიერთობის ეთიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება გეშტალტთერაპევტს. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს არა მხოლოდ ფორმალურად დასრულებული თერაპიული კონტრაქტი, არამედ ურთიერთობის ველში დარჩენილი გავლენა, ყოფილი კლიენტის შესაძლო მოწყვლადობა და ის, თუ როგორ შეიძლება ასეთი ურთიერთობა გონივრულად აღიქმებოდეს როგორც ექსპლუატაციური, საზიანო ან პროფესიული საზღვრების დამრღვევი.

  6.  გეშტალტთერაპევტი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ყოფილ კლიენტთან ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც შეიძლება ქმნიდეს როლების აღრევას — მათ შორის მეგობრულ, საქმიან, სასწავლო, კოლეგიალურ, საჯარო ან სოციალურ სივრცეში განვითარებულ ურთიერთობებს. ასეთ შემთხვევებში თერაპევტი პასუხისმგებელია დაიცვას ყოფილი კლიენტის ღირსება, კონფიდენციალობა და არჩევანის თავისუფლება.

  7. თუ გეშტალტთერაპევტს ეჭვი უჩნდება, რომ ყოფილ კლიენტთან ურთიერთობა შესაძლოა ეთიკურ რისკს შეიცავდეს, იგი ვალდებულია დროულად მიმართოს სუპერვიზიას, ინტერვიზიას ან შესაბამის პროფესიულ ორგანოს და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ყოფილ კლიენტს ან პროფესიისადმი ნდობას.

bottom of page